ახალი ავტობუსები კიდევ ექვს მარშრუტზე გავიდნენ
ახალი ავტობუსები კიდევ ექვს მარშრუტზე გავიდნენ

ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. კერძოდ: N7 – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“, N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“,  N19 – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა,  N5 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა, N80 – ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122 – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი. ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები კი გადანაწილდება დიდი დიღმის ორ მარშრუტზე: N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე მოძრაობენ.

ავტობუსების ახალი შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 3 დეკემბერს წარუდგინა. ისინი მარშრუტებზე ერთი კვირის განმავლობაში გავლენ.

უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები მოემსახურება შემდეგ მარშრუტებს: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110. როგორც ცნობილია, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

დატოვე კომენტარი