ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფესტივალი დღეს გაიმართება
ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფესტივალი დღეს გაიმართება

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” დღეს ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის მონაწილეებს 60-ზე მეტი კომპანია 2000-მდე ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებს კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლასა და შემდგომ დასაქმებაში.

ერთდღიანი ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 12:00 საათზე დაიწყება და სამ საათს გაგრძელდება.

„საქართველოში „ჯობ ფესტი“ უკვე მეორედ ტარდება, 65-ზე მეტი კომპანია 2000-მდე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი შრომის ღია ბაზარზე. მოწვეულები არიან საქართველოს მასშტაბით პირველ რიგში ის ახალგაზრდები, ვინც არიან worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული. მათ დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მობრძანდნენ 18 დან 36 წლამდე ახალგაზრდები. მათ ეძლევათ შანსი წარმატებით დასაქმებისა, ჩვენ მათ ვპირდებით არა მარტო დასაქმებას, არამედ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის საშუალებასაც ვაძლევთ და იმედს ვიტოვებთ, ეს დღეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც გასული წლების შედეგებია“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ​მარიამ ბეზარაშვილმა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეზიუმე, რათა მარტივად მოხდეს დამსაქმებელთან კომუნიკაცია.