ლისის ტბის საქმე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა
ლისის ტბის საქმე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის საქმე გაასაჩივრა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, დასაბუთება ემყარება ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულ ევროკონვენციის ოთხ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევას, სამართლიანი სასამართლოს სავარაუდო დარღვევას, დისკრიმინაციის აკრძალვის დარღვევასა და არათანაბარ მდგომარეობაში პირის მიმართ მოპყრობის სავარაუდო დარღვევას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახვლედიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა. მისივე თქმით, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი, არასათანადო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა.

არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

„მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძულებული გახდა თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა.

არჩილ კაიკაციშვილი იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.