აკაკი ზოიძე - უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ამ მდგომარეობიდან ამოყვანას მოვახერხებთ მიზნობრივად მიმართული თანხებით, რაზეც მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობამ პირველივე დღიდან დაიწყო
აკაკი ზოიძე - უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ამ მდგომარეობიდან ამოყვანას მოვახერხებთ მიზნობრივად მიმართული თანხებით, რაზეც მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობამ პირველივე დღიდან დაიწყო

უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ამ მდგომარეობიდან ამოყვანას მოვახერხებთ მიზნობრივად მიმართული თანხებით, რაზეც მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობამ პირველივე დღიდან დაიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.

„ეს ყველაფერი ან იყო ჩადებული ბიუჯეტში, ან იყო მუშაობის პროცესში, არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ მთავრობა არჩევნების წინ აბარებს ანგარიშს თავის მოსახლეობას. არჩევნები ერთგვარი ანგარიშგებაა და მთავრობა ამბობს, რა გააკეთა, რის გაკეთებას აპირებს უახლოეს მომავალში, რომ მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ბევრი ვაშაძეები არიან და ალბათ არცერთ ვაშაძეს ინფორმაცია არ აქვს, რომ მაგალითად იმაზე, რაც მე გუშინ განვაცხადე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებთან შეხვედრის დროს. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და მათ შორის ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამები არის გაზრდილი ხუთი მილიონ სამასი ათასით მომავალი წლის ბიუჯეტში და ეს უკვე ჩადებული იყო იმ ბიუჯეტში, რომელიც შემოსული იყო სექტემბერში საქართველოს პარლამენტში. ეს პროგრამა ორჯერ გაიზარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ის, რომ „ნაციონალების“ დროს საერთოდ არანაირი პროგრამები არ იყო, რომელიც დაეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში, ან თუ იყო, ძალიან მცირე მოცულობით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, პროგრამების უმეტესობა, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში, ან იყო სამუშაო პროცესში.

„კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდის ინიციატივა იყო სამუშაო პროცესში, ორი დღის წინ წავიდა სავალუტო ფონდის მისია ქვეყნიდან და მნიშვნელოვანი იყო, ეს შეთანხმებულიყო სავალუტო ფონდის მისიასთან, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვან თანხაზე არის საუბარი, რომელიც მიმდინარე ხარჯებში ამ სოციალურ პროგრამაში უნდა წავიდეს. ეს არის მიზნობრივად გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ კონკრეტულად 143 000 ბავშვიდან შვიდი პროცენტი, ანუ ყოველი მეცამეტე ბავშვი საქართველოში ამოვიყვანოთ უკიდურესი სიღარიბიდან. საუბარი არის ისეთ სიღარიბეზე, როდესაც ყოველდღიურად კვებისა და ელემენტარული საცხოვრებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უჭირს, ბევრი ბავშვი არის სიღარიბეში, მაგრამ უკიდურესი სიღარიბიდან ამოყვანას ჩვენ მოვახერხებთ ამ მიზნობრივად მიმართული 70 მილიონით და ამაზე მუშაობა დაიწყო პირველი დღიდან, როცა მოვიდა ბატონი მამუკა ბახტაძის მთავრობა, რადგან მისი დანაპირები იყო, რომ სიღარიბეს და უთანასწორობას ახალი ენერგიით შევუტევდით. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი და პრეტენზია, რაც იყო წინა მთავრობასთან მიმართებაში.

ბოლო ორი თვის განმავლობაში მთელი საქართველო ლაპარაკობს იმაზე, რომ შემოგვაქვს საბანკო რეგულაციები, რომელიც ადამიანებს არ დააკარგვინებს სახლებს. შეგვექმნა იპოთეკარების ცალკე ფენა ამ ქვეყანაში, 250 000 ადამიანამდე, რომელთაც ან დაკარგული აქვთ ბინა, ან არიან ამ საფრთხის ქვეშ, რადგან თავის დროს სესხი ვერ გაისტუმრეს. მათგან ორი მესამედი ამ მდგომარეობაში ან საპროცესო შეთანხმების გამო არის, ან სამედიცინო ხარჯების გამო, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაუგროვდა. ჩვენს ოპონენტებს კი ყოფნით სინდისი, რომ თქვან, თითქოს ქვეყანა არაფერს აკეთებს, რომ დაარეგულიროს ეს პრობლემა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

დატოვე კომენტარი