აკაკი ზოიძე - თუ ტყიბულის ტრაგედიაში სუბიექტური ფაქტორი დადასტურდა, ყველა პასუხისმგებელი პირი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს
აკაკი ზოიძე - თუ ტყიბულის ტრაგედიაში სუბიექტური ფაქტორი დადასტურდა, ყველა პასუხისმგებელი პირი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია,  ყველა პასუხისმგებელი პირი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

„ვიზიარებ დაღუპულების ოჯახებისა და კოლექტივი მწუხარებას. ადგილზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები მუშაობენ, გამოძიება მიმდინარეობს. თუ უბედური შემთხვევა არ იყო და სუბიექტური ფაქტორი დადასტურდა, მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, მაქსიმალური სიმკაცრით მოხდეს ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის დაყენება და დასჯა, რომელთაც შესაძლოა, ამ საკითხში გარკვეული როლი ჰქონდეთ“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ზოიძის თქმით, პროპორციული სასჯელის გარდაუვალობა პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა.

„პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების კანონი მიიღო, რომელიც ასევე ეფექტიან შრომის ინსპექციას ქმნის იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ, მაგრამ მხოლოდ შრომის ინსპექცია სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. ამაში საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ჩაერთოს.

სასამართლო ხელისუფლება, კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სავალდებულო დაზღვევის მეშვეობით უნდა აკონტროლებდნენ იმას, რომ როგორც დასაქმებულები ისე დამსაქმებლები შრომის უსაფრთხოების ნორმებს იცავდნენ, მომავალში ტრაგედიების აცილებას მხოლოდ ამ მრავალეშელონიანი უსაფრთხოების სისტემით შევძლებთ”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.