აკაკი ზოიძე - ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის მედიკამენტებზე შეღავათების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია 
აკაკი ზოიძე - ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის მედიკამენტებზე შეღავათების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ასაკით პენსიონრებისთვის გარკვეული სახის მედიკამენტებზე შეღავათების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგოც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, დღეს წამლებზე დანახარჯი გახლავთ მნიშვნელოვანი გამაღარიბებელი ფაქტორი.

„ეს ინიციატივა, რეალურად, შეგვაძლებინებს ასობით ათასი ადამიანის მდგომარეობის გამოსწორებას იმითი, რომ მათ აღარ ექნებათ ეს გამაღარიბებელი დანახარჯები, რადგან 30-მდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტის ფასების პრაქტიკულად განახევრება და კიდევ უფრო გაიაფება მოხდა პენსიონრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც არის ჯამში დაახლოებით 800 000 ადამიანი. ეს არის უზარმაზარი შეღავათი – თვეში დაახლოებით 30-40 ლარის დანაზოგი მათი პენსიებიდან. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და ამ თანხის დახარჯვა მათ შეუძლიათ სხვა მიზნებისათვის, რაც მათი სიღარიბისგან დაცვის საშუალებაა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მომავალში მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდება და უფრო მეტი მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„ერთი სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, ეს გავრცელდება სხვა სააფთიაქო ქსელებზეც. ასევე, მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს: მკურნალ ექიმებს და ოჯახის ექიმებს, რომ აუცილებლად გამოუწერონ მედიკამენტები იმ დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ესაა პენსიონერები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველები. დიდი მადლობა კერძო სექტორს, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება.  ჯანდაცვის სამინისტრო იმ მედიკამენტების ახალ ფასებს აქვეყნებს, რომელთაც ფასდაკლება შეეხება.