აკაკი ზოიძე - მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კიდევ არის ნაბიჯები დაგეგმილი
აკაკი ზოიძე - მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კიდევ არის ნაბიჯები დაგეგმილი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ერთ ლარად მედიკამენტების გაცემის პროგრამის გარდა, იგეგმება სხვა ნაბიჯებიც, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მისი თქმით, მედიკამენტებზე დანახარჯები ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

„საყოველთაო ჯანდაცვით ბევრ ადამიანს მოეხსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლებით მომარაგების პრობლემა. თუმცა მედიკამენტების ფასები ბოლო პერიოდში იზრდებოდა და ამან ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა განსაკუთრებით ხანდაზმულ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ორი წლის წინ დაიწყო და ამით დაახლოებით 50-მა ათასმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ფართოვდება, პენსიონერებზე, შშმ პირებზე, რომელთაც მანამდე შეღავათიან ფასში შეეძლოთ მიეღოთ 35 მედიკამენტი, ახლა უკვე მიიღებენ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ეს სიახლე ძალიან დიდი შეღავათი იქნება განსაკუთრებით პენსიონერებისთვის, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების შესაძენად პენსიის მესამედი ან ნახევარი სჭირდებოდათ.

საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ეს არის პირველი ნაბიჯი, კიდევ სხვა ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რომლითაც არა მხოლოდ ამ მოსახლეობის ჯგუფებს, არამედ სხვებსაც გაუადვილდებათ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და ასევე, გაფართოვდება მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც შეღავათიან ან სიმბოლურ ფასად იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფებიც ერთ ლარად შეიძენენ. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება ექვსი ქორნიკული დაავადებისას, ესენია: გულსისძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეფსიის, ფილტვის, პარკინსონის დაავადებები.