აკაკი მინაშვილი - შეთანხმებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ბიძგი, რომ პოლიტიკური დევნის კუთხით, უფრო აგრესიული გახდეს
აკაკი მინაშვილი - შეთანხმებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ბიძგი, რომ პოლიტიკური დევნის კუთხით, უფრო აგრესიული გახდეს

ალეკო ელისაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, ალეკო ელისაშვილი არის „ქართული ოცნების“ წევრი. თუ თქვენ დააკვირდებით მის გზავნილებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ერთი ერთში ემთხვევა „ქართული ოცნების“ გზავნილებს, – ამის შესახებ „ნაციონალურi მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„განცდა მიჩნდება, რომ ის ჩასვეს „ქართული ოცნების“ სატელეფონო ჩეთში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები განიხილავენ გზავნილებს. ანუ იქ პირველი ხელიდან აქვთ ხელმისაწვდომობა გზავნილებზე, რადგან იმდენად იდენტურია, რომ უბრალოდ, სხვა აზრი არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, შეფასებისას მინაშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმებამ, რომელიც ხელმოწერილია სხვადასხვა პარტიის მიერ, ბიძგი მისცა „ქართულ ოცნებას“, რომ უფრო აგრესიული გახდეს პოლიტიკური დევნის კუთხით.

„ვნახეთ, რომ განახლდა გიგი უგულავას საქმე. მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულებამ თუ შეთანხმებამ, რომელიც ხელმოწერილია სხვადასხვა პარტიის მიერ, არათუ არ დასძლია კრიზისი არამედ პირიქით – მისცა ბიძგი „ქართულ ოცნებას“, უფრო აგრესიული გახდეს ამ შემთხვევაში, პოლიტიკური დევნის კუთხით. ამიტომ, მთავარი ბრძოლა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მოქალაქეების გააქტიურება, მობილიზება და ისეთი კლიმატის შექმნაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რადგან „ქართულ ოცნებას“ თავისი პრობლემა აქვს შიგნით, ჩამოშლის პირას არის.

ვხედავთ, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანები მოდიან „ქართული ოცნებიდან“ და მიდიან გახარიას პარტიაში, ამიტომ, ახლა ცდილობს დასუსტებული „ქართული ოცნება“, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს თავისსავე ამომრჩეველში. ამ ძალის დემონსტრირების პროცესში არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდეს და დარწმუნებული ვარ, აქვს განზრახვა, პოლიტიკური დევნა უფრო აგრესიული გახადოს. ამისათვის მთავარი ბერკეტი არის არა პარლამენტში ან დისკუსიებში ყოფნა – ეს ლეგიტიმური აზრია იმ პარტიების, მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ჩემს პოზიციას ვამბობ, არამედ ბერკეტი არის ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან, სხვადასხვა პროტესტის ზომა და მზადყოფნა, რათა შემოდგომაზე შეიქმნას ისეთი კლიმატი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი და მოქალაქეებმა ჩათვალონ, რომ ოპოზიციას შეუძლია გამარჯვება „ქართულ ოცნებაზე“. ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დამარცხდება და მალე მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ვადამდელი არჩევნებისთვის არ არის ერთადერთი გზა 43%-იანი ჩამკეტი, რაც წერია შეთანხმებაში. სხვა შემთხვევაშიც შეიძლება ეს, რაც შეიძლება ბევრი კრიზისი შეიქმნას პოლიტიკური, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ამიტომ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ამ სცენარის მომზადების პროცესში ერთი – შევასრულოთ სიტყვა, და მეორე – ვიყოთ ძალიან ახლოს ჩვენს ამომრჩევლებთან, მხარდამჭერებთან და არა მარტო“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.