აკაკი მინაშვილი - ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ჩამოთვლილია შარლ მიშელის საგზაო რუკაში
ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ჩამოთვლილია შარლ მიშელის საგზაო რუკაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეჩერება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს მშვიდობიან ცვლილებამდე.
„მდინარაძის ბრიფინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არ ფიქრობს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, უამრავი პრობლემაა, არის სიღატაკე, ეკონომიკური ვარდნა, ძალადობა პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან. არც ერთი მათგანის გადაჭრაზე ის არ ფიქრობს. არ ფიქრობს, როგორ მოაგვაროს ის მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისი და მათი მთავარი საფიქრალი არის ძალაუფლებისა და ხელისუფლების შენარჩუნება. ეს ბრიფინგიც ამის დამადასტურებელი იყო. ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ჩამოთვლილია შარლ მიშელის საგზაო რუკაში. მთავარი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეჩერება, რადგან ქვეყანა უნდა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, აღდგეს ნდობა და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიან ცვლილებამდე და რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.