აკაკი მინაშვილი - პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო, რათა დაეცვა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და სტუმრების ფუნდამენტური უფლებები
აკაკი მინაშვილი - პოლიციას უფრო ეფექტური ზომები უნდა მიეღო, რათა დაეცვა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები და სტუმრების ფუნდამენტური უფლებები

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავისი პოზიცია. ეს მათი ფუნდამენტური და განუყოფელი უფლებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა, ვითარების დაძაბვის შემდეგ პოლიციის მხრიდან არასაკმარისი ზომები იყო მიღებული.

მინაშვილი ფიქრობს, რომ გაცილებით ეფექტური ზომები უნდა მიეღოთ, რათა დაეცვათ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები.

„რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, მაგალითად, წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ ქვების სროლა დაეწყოთ „ქართული ოცნების“ ოფისთან დაახლოებით 100 ადამიანს. ისინი ამ ადამიანებს ამის საშუალებას მისცემდნენ? არ მისცემდნენ. ვფიქრობ, გარკვეული ღონისძიება იყო გატარებული, მაგრამ არასაკმარისი პოლიციის მხრიდან. უფრო ეფექტიანი ზომები უნდა მიეღოთ, რათა დაეცვათ პრაიდის წარმომადგენლები და იქ მისული სტუმრების ფუნდამენტური უფლებები. როცა ქვებს ისვრიან და პირდაპირი ძალადობაა, პოლიციას ჰქონდა საშუალება, მეტად ეფექტური ზომები გამოეყენებინა და დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. ამ ადამიანების უფლების დაცვა არის ყველა ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული გუშინ დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 20 პირი დააკავა.