აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ვისაუბრეთ ექვსპუნქტიან გეგმაზე, მათ შორის ვადამდელ არჩევნებზე, ნიკა მელიას საკითხზე, რომელიც პრიორიტეტულია
აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ვისაუბრეთ ექვსპუნქტიან გეგმაზე, მათ შორის ვადამდელ არჩევნებზე, ნიკა მელიას საკითხზე, რომელიც პრიორიტეტულია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და დეტალებთან დაკავშირებით არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

მინაშვილის თქმით, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ცნობილი ექვსპუნქტიანი გეგმის ირგვლივ ისაუბრეს.

აკაკი მინაშვილის განმარტებით, ვადამდელ არჩევნებთან ერთად, პრიორიტეტულია ნიკა მელიას საკითხი.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რომელიც ჩამოთვლილი იყო პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმაში, ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებამ კარგად იცის, მათ შორის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის პრიორიტეტი არის პოლიტიკური პატიმრები და ნიკა მელიას საკითხი, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ის გარეთ არ არის, რთულია, რამე გადაწყვეტილებაზე საუბარი. ამიტომ ეს არის ამ შეხვედრის ზოგადი შეფასება. დეტალებში ვერ შევალ. მოლაპარაკება არ დასრულებულა, მიმდინარეობს და იქნება განგრძობითი პროცესი“, – განაცხადა მინაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „შეიძლება შეიცვალოს პუნქტების ჩამობნათვალი?“,- მინაშვილი პასუხობს: „ეს არის ხედვა, საგზაო რუკა, როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი, ამიტომ ვერ შეიცვლება და არც შეიცვლება. პირიქით, ვსაუბრობთ ამ თემებზე, რადგან ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს, რომ არის ძალიან რთული ვითარება, სიტუაციას სჭირდება გადაჭრა. აქ არ არის ლაპარაკი თანამდებობის განაწილებაზე ჩვენი მხრიდან, ჩვენ რომ თანამდებობის, ან რამე სახის პრივილეგიების სურვილი გვქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ უარი ვთქვით, ფორმალურად ვართ პარლამენტის წევრები და შეიძლება, პარლამენტში თბილ კაბინეტებშიც ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ჩიხიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები და აუცილებელია ცვლილება, ვინც გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ის იქნება ხელისუფლებაში, ოღონდ, მას ექნება რეალური ლეგიტიმაცია, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია.

ჩვენი მედიატორების პოზიციაა, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში ვნახოთ გამოსავალი.ხელისუფლებაში ვინც არის, მას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა, უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯები, რათა ჩატარდეს ახალი არჩევნები ნორმალური წესით, გატარებული რეფორმების შედეგად, შემდეგ ვისაც აირჩევს ხალხი, მას ექნება ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია.

უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა, შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა დაიწყოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება, ქვეყანაში დამყარდეს სიმშვიდე და მოხდეს ცვლილება, რომელიც აუცილებელია“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.