აკაკი ხლაბუსტოვი - საქართველოს მასტერლიგის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლაც შეეძლო #1TVSPORT
მასტერლიგის ხელმძღვანელმა, აკაკი ხლაბუსტოვმა საქართველოს მასტერლიგის ნაკრების წარმატებაზე გააკეთა კომენტარი – გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და გერმანიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ავტომატურად მოიპოვა.
„თავიდან მასტერლიგა თბილისში გამართული ტურნირით დავიწყეთ, რომელშიც მხოლოდ 20 გუნდი მონაწილეობდა. პანდემიამდე 500-ზე მეტი გუნდი თამაშობდა, ხოლო ბოლოს 720 გუნდი დაკომპლექტდა. ბევრია ვეტერანი ფეხბურთელი, სხვადასხვა მიზეზით ფეხბურთიდან ნაადრევად წასული.
მასობრიობის შედეგია, ნაკრებში დიდი კონკურენცია რომ შეიქმნა და სანამ ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრებოდით, კანდიდატებს 200-კაციანი სიიდან ვარჩევდით. თავიდან ევროპის ჩემპიონატის ოთხეულში მოხვედრას არ ველოდი, მაგრამ ტურნირზე დავრწმუნდით, რომ წარმატების მიღწევა რეალური იყო. რომ არა ბოლოს წამყვანი მოთამაშეების ტრავმები, ფინალშიც გასვლაც შეგევძლო.
მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის და იმ ერთობისთვის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვამხნევებს და გვგულშემატკივრობს და მასტერლიგის ყველა მონაწილეს, რადგან ეს ხალხი ხვალინდელი ნათელი მომავლის საფუძველია“, – ამბობს აკაკი ხლაბუსტოვი.