აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა [ვიდეო]

სად არის აფხაზეთი, სად არის სამაჩაბლო, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობენ.

ბობოხიძემ პროტესტის ნიშნად მათ წყალი შეასხა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.