აკაკი ბობოხიძე - თუ არ იქნება შეთანხმება, ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორები დროზე დაიწყებენ, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, პიროვნული სანქციების დაწესებას პოლიტიკური ფიგურების მიმართ
აკაკი ბობოხიძე - თუ არ იქნება შეთანხმება, ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორები დროზე დაიწყებენ, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, პიროვნული სანქციების დაწესებას პოლიტიკური ფიგურების მიმართ

არ ვიცი, როგორ იმოქმედებს დანისელსონი, ვიცი, რომ ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც კრიზისის განმუხტვას ემსახურება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ არაპროგნოზირებადი პოლიტიკური ძალაა. იქნება შეთანხმება და ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის კარგი იქნება, არ იქნება შეთანხმება და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ ძალის პოზიციიდან ესმის საუბარი და დროზე დაიწყებენ იმას, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, პიროვნული სანქციების დაწესება პოლიტიკური ფიგურების მიმართ“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უნდა დათანხმდეს ორ მნიშვნელოვან საკითხს.

„ეს არის რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არარსებობა. ყველა დანარჩენი საკითხი ემსახურება ამ ორი ამოცანის განხორციელებას. ეს არის ის ორი საკითხი, რომლებზეც მოლაპარაკება აუცილებლად უნდა შედგეს, რა კომპრომისებით, ეგ სხვა თემაა. არ ვიცი, როგორ იმოქმედებს დანისელსონი, ვიცი ერთი რამ, რომ ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც კრიზისის განმუხტვას ემსახურება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს.