აკაკი ბობოხიძე - სამწუხაროდ, ქვეყანა იღებს ზიანს, მაგრამ საბედნიეროდ, ხდება „ქართული ოცნების“ სახის ბოლომდე გამოაშკარავება
აკაკი ბობოხიძე - სამწუხაროდ, ქვეყანა იღებს ზიანს, მაგრამ საბედნიეროდ, ხდება „ქართული ოცნების“ სახის ბოლომდე გამოაშკარავება

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დარჩეს და შეხვედრები გააგრძელოს, ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე მეტყველებს.

„დანიელსონმა განაცხადა, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და ის დარჩება საქართველოში. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ევროკავშირისთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, რადგან ისინი ასე ადვილად გეგმებს არ ცვლიან. რაც შეეხება, იქნება თუ არა შეთანხმება მიღწეული, მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ თუ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას, აუცილებლად მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმებას და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმება, რადგან ყველა სხვა შეთანხმება იქნება კრიზისის ფასადური მოგვარება და არა კრიზისის საფუძვლის გაუქმება. ამ ქვეყანაში კრიზისი შექმნა მიტაცებულმა და გაყალბებულმა არჩევნებმა. „დახუნძლული ხელები“ – ეს ტერმინი ძალიან ცუდია, დახუნძლული იდეები მაინც ეთქვათ. ეტყობა, ივანიშვილთან ისწავლეს დახუნძლული ხელებით და დახუნძლული ჯიბეებით სიარული. გარწმუნებთ, რომ ევროპაში არც დახუნძლული ხელები ჭრის და არც დახუნძლული ჯიბეები. ევროპაში ჭრის სამართლიანობა, სიმართლე და დემოკრატიაზე ზრუნვა. ასეთი ქვეყანა უნდათ მათ და არა კორუმპირებული, დახუნძლული ხელებითა და ჯიბეებით მოსიარულე მთავრობა. ოპოზიცია გახსნილია კრიზისის საფუძვლებზე სალაპარაკოდ, მაგრამ ოპოზიციისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი იქნება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კითხვაზე, ოპოზიციასთან კონკრეტული შეთანხმების გარეშე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ჩასვლა როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე, აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯი დაზიანებულია და რაც მალე გაერკვევიან ევროპელი პარტნიორები ვისთან აქვთ საქმე, მით უკეთესია ქვეყნისთვის.

„ქვეყნის იმიჯი დაზიანებულია, თუმცა ქვეყნის იმიჯზე მეტად გვაზიანებს ეს ბოროტმოქმედი ხელისუფლება, ამიტომ რაც უფრო დაზიანებული წავა ღარიბაშვილი, რაც უფრო მალე გაერკვევიან, მათ შორის ევროპელი პარტნიორები, თუ ვისთან აქვთ საქმე, მით უფრო მალე გამოვა ქვეყანა ჩიხიდან. ასე რომ, ნუ ვიჯავრებთ. დიახ, სამწუხაროდ, ქვეყანა იღებს ზიანს, მაგრამ ამ ზიანის ფონზე, საბედნიეროდ, ხდება „ქართული ოცნების“ სახის ბოლომდე გამოაშკარავება და მათი ​მისაღებლობის ბოლომდე განულება“, – დასძინა აკაკი ბობოხიძემ.