აკაკი ბობოხიძე - ნიკა მელიას პროკურატურაში ვიდრე დაიბარებენ, კეთილი ინებონ და მოუხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება
აკაკი ბობოხიძე - ნიკა მელიას პროკურატურაში ვიდრე დაიბარებენ, კეთილი ინებონ და მოუხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება

„ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით აცხადებს.

„ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს, რამენაირად პარლამენტში იხილოს ოპოზიციის წარმომადგენლები, კვლავ მცდარ გზას ადგანან, რადგან მსგავსი ზეწოლები პირიქით, ბრძოლისუნარიანობას და ჩვენს დამოკიდებულებას გააძლიერებს და არც ერთ შემთხვევაში არ შეცვლის.

„ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეხვედრები და საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი. რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, აქ საერთოდ უცნაურ რამეს აკეთებს, რადგან ნიკა მელია მათივე გადაწყვეტილებით არის დეპუტატი და მას იცავს სადეპუტატო იმუნიტეტი. ამიტომ, ვიდრე პროკურატურაში დაიბარებენ, კეთილი ინებონ, მოუხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება, მით უმეტეს რომ, ბატონ ნიკას ეს განცხადება უკვე დაწერილი აქვს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია დღეს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.