აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება ილუზიურ განცდაშია, რომ პროტესტი ხალხის ძალიან მცირე რაოდენობაში დარჩა, ეს ასე არ არის
აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლება ილუზიურ განცდაშია, რომ პროტესტი ხალხის ძალიან მცირე რაოდენობაში დარჩა, ეს ასე არ არის

ახალგაზრდები აპირებენ დგომას, მანამ, სანამ გახარია არ გადადგება, ამიტომ, მართალი გითხრათ დღეებს არ ვითვლი, რამდენი დღე გავიდა მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„ერთი რამ ვიცი, რომ ახალგაზრდები აპირებენ დგომას, მანამ, სანამ გახარია არ გადადგება, ამიტომ, მართალი გითხრათ დღეებს არ ვითვლი, რამდენი დღე გავიდა მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ჩანს, აქცია გახარიას გადადგომამდე გაგრძელდება. მგონია, რომ ხელისუფლებას წინ ძალიან მძიმე დღეები ელოდება, რადგან შემოდგომა კიდევ უფრო დაძაბული იქნება. თბილისი შემოდგომაზე ახალგაზრდებით სავსე იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ივანიშვილს თუ უნდა არჩევნებზე გახარიასთან ერთად მივიდეს, ეს ახალგაზრდები იქნებიან ხელისუფლებას არჩევნებზე რომ გაუსწორდებიან.

საკუთარ ხალხთან ჯინში ჩადგომა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიგო და ვერც ეს ხელისუფლება მოიგებს. ასეთი ტიპის პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ხელისუფლება დღეს ილუზიურ განცდაშია, რომ აქ ხალხის ძალიან მცირე რაოდენობაა და პროტესტის განცდა მათ მიმართ ძალიან მცირე რაოდენობაში დარჩა, ეს ასე არ არის. აღდგომა და ხვალეო ყველაფერი გამოჩნდება. ზაფხული ყოველთვის არის პოლიტიკური თვალსაზრისით ნაკლებად ინტენსიური პერიოდი და ისიც კი მიკვირს, რომ ივლისის და სავარაუდოდ აგვისტოს თვეშიც, ეს რაოდენობაც კი, იკრიბება. ამ ხელისუფლებას პასუხი გაეცემა და იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ გახარიასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად და წავა იქ, სადაც მათი ადგილია. მინიმუმ ოპოზიციაში, თუ ისინი შეძლებენ, მარცხის შემდეგ შეინარჩუნონ თავიანთი თავი, როგორც პოლიტიკურმა ძალამ“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.