აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილის ადგილზე შემოდგომას გიორგი გახარიათი არ შევხვდებოდი
ბიძინა ივანიშვილის ადგილზე შემოდგომას გიორგი გახარიათი არ შევხვდებოდი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ მისი მხრიდან სისუსტის გამომჟღავნება იქნება, თუ გიორგი გახარიას გადააყენებს. მინდა მას სხვა მხრიდან შევახედო მდგომარეობა – გიორგი გახარიათი ღირს თუ არა პოლიტიკურ პროცესებში ყოფნა. გიორგი გახარია უკვე დღეიდან დაწყებული, არჩევნების დღით დამთავრებული, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, ყოველთვის შეიძლება, გახდეს ახალი პოლიტიკური პროტესტის საფუძველი. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის ადგილზე შემოდგომას გიორგი გახარიათი არ შევხვდებოდი. არ შევხვდებოდი შემოდგომას. როცა თბილისში დაბრუნდებიან სკოლის მოსწავლეები, როცა აბიტურიენტებს აღარ ექნებათ გამოცდები ჩასაბარებელი და ექნებათ მეტი თავისუფალი დრო. ვიდრე გახარია იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრი, ყოველთვის იქნება ბიძინას თავზე დაკიდებული დიდი საპროტესტო ტალღის ხიფათი“,- განაცხადა ბობოხიძემ.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, ახალგაზრდები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მისივე თქმით, ვიდრე შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ გადადგება, პროტესტის საფუძველი მუდმივად იქნება.
„ვიცი, რომ ახალგაზრდები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ასევე მინდა, ვურჩიო, ნუ მოიტყუებენ თავს და ნუ იქნებიან იმის იმედად, უი ხალხი მცირდება. ხალხი ხან შემცირდება, ხან მოიმატებს, მაგრამ პროტესტის საფუძველი, ვიდრე გახარია იქნება მინისტრი, მუდმივად იარსებებს. გახარიას მინისტრობა ნიშნავს, მიიღონ რბოლაში მონაწილეობა ავარიული მანქანით. ამას ნიშნავს ხელისუფლებისთვის. უნდათ?! მიიღონ“,- აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.