აკაკი ბობოხიძე - 9 აპრილს დაღუპულებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარეს საფუძველი, სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში 
აკაკი ბობოხიძე - 9 აპრილს დაღუპულებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარეს საფუძველი, სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში 

9 აპრილს დაღუპულებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარეს საფუძველი, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ

„სამწუხაროდ, თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ბუნებრივია, რომ თავისუფლებას არ ჰყოფნის მხოლოდ 9 აპრილს დაღუპულთა მსხვერპლი. მინდა, ახალმა თაობამ იცოდეს, რომ ამ დღეს დაღუპულებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარეს საფუძველი. 9 აპრილს დაღუპულებმა დაუდეს სათავე საბჭოთა კავშირის დაშლას და ყველა მოკავშირე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ხსოვნა არა მხოლოდ საქართველოს მომავალს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი მოკავშირის მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ. ეს არის ხალხი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

დატოვე კომენტარი