საჯად კარიმი - საქართველო აღიარებულია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნად, რომელიც მიჰყვება ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ევროპულ გზას
საჯად კარიმი - საქართველო აღიარებულია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნად, რომელიც მიჰყვება ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ევროპულ გზას

ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის უზარმაზარი პროგრესი, რომელიც უკვე მიღწეულია საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ საჯად კარიმმა განაცხადა.

როგორც საჯად კარიმმა აღნიშნა, საქართველო აღიარებულია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნად, რომელიც მიჰყვება თავის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულ ევროპულ გზას და ეს მისი ხალხის სურვილს ემყარება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ჭეშმარიტად სურს აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

„პოლიტიკური ნება და ხალხის ნება, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში, იძლევა საბაზისო ჩარჩოს იმისას, თუ რა უნდა განახორციელო საჭირო რეფორმების პროგრესისთვის. ეს არის დიფერენცირებული მიდგომა და საქართველო არის მოწინავე. საქართველომ ბევრ ეტაპზე დიდ პროგრესს მიაღწია, კერძოდ სასამართლო, საკონსტიტუციო რეფორმების მხრივ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. ამასთან ერთად, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ გლობალურ ლანდშაფტში არსებული ცვალებადი სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს იმდენი დრო, რამდენიც ზოგიერთს ჰგონია, ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია საერთაშორისო ინსტიტუტების დასაცავად, რომლებიც ამჟამად საფრთხის წინაშე არიან. თავად დასავლური ალიანსს ამჟამად ბზარი აქვს გაჩენილი“, – აღნიშნა საჯად კარიმმა.

მისივე თქმით, იმის დასამტკიცებლად, რომ ევროპა არის საუკეთესო ადგილი გამოწვევებთან საბრძოლველად, დაჩქარებული კონსოლიდაციაა საჭირო.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის უზარმაზარი პროგრესი, რომელიც უკვე მიღწეულია საქართველოში. მე ხუთი წელია ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე ვარ. ხუთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ან ვიზალიბერალიზაცია გვექნებოდა, ვიტყოდი, რომ თქვენ ზედმეტად ამბიციური ხართ. თუმცა ჩვენ ეს გავაკეთეთ, ეს შესაძლებელი გახდა, რადგან ამის შეთავაზება გაკეთდა და საქართველომ ამაზე რეაგირება მოახდინა და მიაღწია იმას, რაც აუცილებელი იყო. ახლა კონსოლიდაციისა და ნაბიჯის წინ გადადგმის დროა. კონკრეტულად ევროკავშირის მხრიდან მინდა, დავინახო ახალი შეთავაზებები საქართველოს გაცხადებულ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა საჯად კარიმმა.