„აინტრახტის“ მწვრთნელი - დღეს გვაჯობეს, მაგრამ ნეაპოლში თეთრი დროშებით არ ჩავალთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
„აინტრახტის“ მწვრთნელი - დღეს გვაჯობეს, მაგრამ ნეაპოლში თეთრი დროშებით არ ჩავალთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT

„ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დამარცხების (0:2) მიუხედავად, ფრანკფურტის „აინტრახტის“ მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა განაცხადა, რომ საპასუხო მატჩში იმედს არ კარგავს, მაგრამ აღიარა, რომ იტალიელებმა აჯობეს.

„ჩვენ თვითონ „ავიკიდეთ“ პენალტი, რამაც ნეაპოლელებზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა და შეგვიტიეს. პირველი გოლი ელემენტარული უზუსტობით დაიწყო. ამის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით – უბრალოდ, დავიბენით.

დაცვაშიც ცუდად ვთამაშობდით. საბოლოოდ, წითელი ბარათის გამო კაცნაკლულებმა 0:2 წავაგეთ, რაც სავსებით ლოგიკურია. როდესაც „ნაპოლის“ მსგავს გუნდს ხვდები, ასეთი შეცდომები დაუშვებელია – სპალეტის გუნდს აქვს სისწრაფე და კლასი, ასეთი შანსებით კარგად სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ სასტიკად იმედგაცრუებული ვართ.

ჩვენ თავს არ ვიტყუებთ – დღევანდელი წაგება დავიმსახურეთ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის (შეხვედრა ნეაპოლში 15 მარტს გაიმართება) მოსამზადებლად სამი კვირა გვაქვს. ნეაპოლში თეთრი დროშებით ჩასვლას და წინსაწარ დანებებას არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ფეხბურთში ბევრი რამ არის შესაძლებელი“, – განაცხადა „აინტრახტის“ მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა.