აიათოლა ალი ხამენეი - ტრამპი იტყუება, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს, იყენებენ ძალაუფლებას და ისრაელის რეჟიმს 10-ტონიან ბომბებს გადასცემენ, რათა ღაზაში ბავშვების თავებზე ჩამოყარონ
დონალდ ტრამპი იტყუება, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„პირიქით, შეერთებული შტატები იყენებს თავის ძალაუფლებას 10-ტონიანი ბომბების ისრაელის რეჟიმისთვის გადასაცემად, რათა ღაზაში მცხოვრები ბავშვების თავებზე ჩამოყარონ“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა სწრაფად უნდა იმოქმედოს ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ის წინადადებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში „რაღაც ცუდი მოხდება“.
ალი ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები „პასუხის ღირსი არ არის“.
„უდავოდ, კორუფციის, ომისა და კონფლიქტის წყარო ამ რეგიონში არის სიონისტური რეჟიმი – საშიში, მომაკვდინებელი სიმსივნე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, და აღმოიფხვრება“, – განაცხადა ალი ხამენეიმ.
ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაიხევს უკან თავისი ლეგიტიმური უფლებებისგან.
გასულ კვირას ირანსა და შეერთებული შტატების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ომანში გაიმართა. მომდევნო რაუნდი ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი.