„აიაქსი“ აუტსაიდერ „უტრეხტთანაც“ დამარცხდა - გიორგი მიქაუტაძე მხოლოდ დამატებულ დროში ათამაშეს #1TVSPORT
„აიაქსი“ აუტსაიდერ „უტრეხტთანაც“ დამარცხდა - გიორგი მიქაუტაძე მხოლოდ დამატებულ დროში ათამაშეს #1TVSPORT

წარმატებული სანაკრებო თამაშების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ დაბრუნდა, რომელიც ერთ-ერთ აუტსაიდერს, „უტრეხტს“ ესტუმრა და 3:4 დამარცხდა.

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-9 ტურში „აიაქსის“ მწვრთნელმა, მორის სტეინმა ქართველი ფეხბურთელი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დასვა და თავის გამოჩენის შანსი, ფაქტობრივად, ამჯერადაც არ მისცა.

ამსტერდამელებმა თამაში წარუმატებლად დაიწყეს. მასპინძლები ფლამინგოს (44) და ვან დერ ჰოორნის (48) გოლებით მეორე ნახევრის დასაწყისში კომფორტული უპირატესობით, 2:0 დაწინაურდნენ. „აიაქსი“ ამის შემდეგ ათამაშდა და 17 წუთში ჰლინსონის დუბლითა (53, 55) და ბერგვაინის გამოყენებული პენალტით (65) წინ გავიდა, მაგრამ „უტრეხტმა“ სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში ისევ გაათანაბრა, ეს 71-ე წუთზე ტოორნსტრამ შეძლო.

67-ე წუთზე სტადიონის დიქტორმა გულშემატკივრები გააფრთხილა და მოუწოდა, მოედანზე არაფერი გადაეგდოთ. იმ მომენტში ანგარიში 2:3 იყო „აიაქსის“ სასარგებლოდ. ოთხი წუთიც არ გასულა, დიქტორი იძულებული გახდა, არბიტრის მოთხოვნით, გაემეორებინა თავისი მოწოდება. ამ დროს ანგარიში 3:3 იყო. საბოლოოდ, 88-ე წუთზე მსაჯებმა მაყურებლის მხრიდან აგრესიის გამო (მოედანზე სხვადასხვა საგნები ისროლეს) თამაში შეწყვიტეს.

საინტერესოა, რომ წელს „აიაქსის“ თამაში მესამედ შეჩერდა. 7 წუთში მატჩი განახლდა და „უტრეხტი“ 90+1-ე წუთზე ფრაულომ დააწინაურა. ბოთლების სროლა ფანებმა ისევ განაახლეს, რის გამოც კიდევ ერთხელ მოუწიათ შეჩერება. განახლების შემდეგ, დამატებულ წუთებზე სტეინმა შეხვედრაში მიქაუტაძე ჩართო

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-9 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 5 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. ამსტერდამულ გუნდს უკვე „უტრეხტმაც“ (6) გადაასწრო.