აჰმედ ალ-შარაა გაერო-ს ტრიბუნიდან ისრაელს აკრიტიკებს და გოლანის მაღლობებზე სირიის სუვერენიტეტს ადასტურებს

17:49, 23.09.2026

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გაერო-ს ტრიბუნიდან ისრაელს აკრიტიკებს და გოლანის მაღლობებზე სირიის სუვერენიტეტს ადასტურებს. 81-ე სესიის გენერალურ დებატებზე სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ  ყურადღება გაამახვილა ისრაელთან არსებულ დაძაბულობასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო სირიის საერთაშორისო თანამეგობრობაში დაბრუნებას მიესალმება, ისრაელი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას განაგრძობს.

სირიის ლიდერის თქმით, ისრაელმა 500-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა, 1 200-ზე მეტჯერ შეჭრა სირიის ტერიტორიაზე და 300-მდე ადამიანი უკანონოდ დააკავა, რაც ეწინააღმდეგება გლობალური მშვიდობისკენ სწრაფვას. სირიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ქვეყნის განუყოფელი ნაწილია და გაეროს უშიშროების საბჭოს 497-ე რეზოლუციაზე მიუთითა.

„გოლანი სირიის ტერიტორიად რჩება. ნებისმიერი სხვა მცდელობა უშიშროების საბჭოს 497-ე რეზოლუციის შესაბამისად აღიკვეთება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაიცვა საერთაშორისო სამართალი და ვინც თავი შეიკავა 497-ე რეზოლუციის თვითნებური განმარტებისგან. ეს რეზოლუცია ცალსახაა და მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დაიცვან საერთაშორისო სამართალი და აღნიშნული რეზოლუცია. ჩვენ უარვყოფთ ისრაელის მცდელობებს, თავს მოგვახვიოს „fait accompli“ (შემდგარი ფაქტი), ჩვენ უარვყოფთ მათ აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,  – განაცხადა პრეზიდენტმა.

ალ-შარაამ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, ხაზი გაუსვა 1974 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგულებას და ისრაელის ძალების 2024 წლის 8 დეკემბრის ხაზებამდე გაყვანა მოითხოვა.

აიტყვით გამოსვლისას ალ-შარაამ ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის შიდა ტრანსფორმაციასა და საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებაზე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გასულ წელს გაჟღერებული გზავნილის შემდეგ, ქვეყანაში სისხლისღვრა და ნგრევა შეჩერდა, აღდგა სახელმწიფო და სამხედრო ინსტიტუტები და ამოქმედდა 5 000-ზე მეტი საწარმოო ხაზი. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა „კეისრის აქტის“ გაუქმებას, სანქციების მოხსნას, ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენასა და ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან სირიის ამოღებას. მისი თქმით, დამასკოში უკვე 60-ზე მეტი დიპლომატიური მისია ფუნქციონირებს.

როგორც სირიის პრეზიდენტი აღნიშნავს, 3.5 მილიონი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირველი უსაფრთხოდ დაუბრუნდა საკუთარ სახლებს, რის ფონზეც ამოქმედდა ინიციატივა „სირია ლტოლვილთა ბანაკების გარეშე“.

მისი თქმით, სირია აქტიურად თანამშრომლობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), ასევე ებრძვის ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და ნარკოტრაფიკს.

მსგავსი