აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას რეგიონული საკითხები, ასევე აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავება განიხილა
აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას რეგიონული საკითხები, ასევე აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავება განიხილა

აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. აჰმედ ალ-შარაამ თეთრი სახლი უკვე დატოვა.

როგორც მოგვიანებით სირიის ლიდერმა განაცხადა, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილა რეგიონული საკითხები და აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავება.

შეხვედრას სირიის მხრიდან ასევე ესწრებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„როიტერის“ ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

მანამდე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 180 დღით შეჩერდა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები, რაც, მედიის ინფორმაციით, შარაას ერთ-ერთი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, ეს სირიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია თეთრ სახლში. სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული, და ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მა შარაა გლობალურ ტერორისტებად აღიარებული პირების სიიდან ამოიღო.