აგუსტინ პიშო - ბილ ბომონტი ეთიკის ზღვარზე მოქმედებდა
აგუსტინ პიშო - ბილ ბომონტი ეთიკის ზღვარზე მოქმედებდა

„მსოფლიო რაგბის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო აცხადებს, რომ მცირე ხნის წინ გამართულ არჩევნებზე მას „რაგბი აფრიკა“-მ და მისმა პრეზიდენტმა – ხალედ ბაბუმ უღალატეს.

არგენტინელმა ლეგენდამ არჩევნები ხუთი ხმით დათმო. მისი თქმით, მარცხის მიზეზი ბილ ბომონტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული „დაპირებებია“, რომლების შედეგადაც ხმის მიცემის უფლების მქონე სუბიექტებმა გადაწყვეტილებები შეცვალეს.

„ღალატი ბოლო დღეებში დაფიქსირდა. აუცილებლად გაიგებთ, თუ რატომ მიღალატეს. არჩევნების წინა დღეებში ჩემი მოწინააღმდეგე ეთიკის ზღვარზე მოქმედებდა და  გასცემდა დაპირებებს. ჩვენი მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. ისინი (ბილ ბომონტი და მისი მხარდამჭერები) ასე მოიქცნენ და ამიტომაც დავმარცხდით. არჩევნებამდე 24 საათი რჩებოდა და ორივე კანდიდატს 23-23 ხმა გვქონდა. შემდეგ, აფრიკამ გააკეთა ის რაც გააკეთა და ჩვენ წავაგეთ,“ – განაცხადა მან „ტი-ენ-ტი სპორტს“-თან საუბრისას.

პიშო არგენტინის ნაკრებში 1994-2008 წლებში თამაშობდა და 71 კეპი მოიპოვა. გასული ოთხი წლის მანძილზე ის „მსოფლიო რაგბი“-ს ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციას ასრულებდა. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან აღნიშნულ პოსტზე უარი განაცხადა და ორგანიზაცია დატოვა.