აღსრულების ბიუროში აცხადებენ, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მუდმივად მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმაა, მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული
თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, მუდმივად მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმაა, მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ისე კრედიტორისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, სოფო ლოქაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მორიგების პროცესმა შედეგი გამოიღო და კრედიტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ადამიანები ქუჩაში არ დარჩნენ.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილზე მუდმივად მცხოვრები ყველა ოჯახი თანახმაა, მიიღოს ის შეთავაზება, რაც დღემდე იყო გაჟღერებული როგორც სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ისე კრედიტორისგან. აქ ვგულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და კრედიტორის შეთავაზებას, რაც გულისხმობს აქ მცხოვრები პირების, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრისი, გასახლებას მათთვის კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემით ან ქირით უზრუნველყოფით“, – განაცხადა სოფო ლოქაბიძემ.
მისი თქმით, მისამართზე მუდმივად ცხოვრობს 39 ოჯახი.
„აღსრულების ეროვნული ბიურო ჩართულია და ეხმარება აქ მყოფ პირებს, რომ მათი ნივთები გადატანილ იქნეს იმ მისამართებზე, რომლებზეც ეს პირები მიგვითითებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგების პროცესმა გამოიღო შედეგი და ამ წუთსაც კრედიტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა აქ მუდმივად მცხოვრები პირები არ დარჩნენ ქუჩაში“, – განაცხადა სოფო ლოქაბიძემ.
მისივე თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვეღარ შეძლებდა გამოსახლების პროცესის გადადებას დაზიანებული შენობების და იქ მცხოვრებთა ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
„რაც შეეხება დღეს პროცესის წარმართვის საფუძველს, უნდა ვთქვათ, რომ პირველი მიზეზი, რატომაც დღეს აღსრულების ბიურო მხარდამჭერ უწყებებთან მისამართზე მოვიდა, გახლავთ ის მდგომარეობა, რაც გააჩნია შენობა-ნაგებობებს. ვიზუალურადაც შეიმჩნევა, რომ საშიშია საცხოვრებლად, ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ამ გარემოებას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია, უვარგისია საცხოვრებლად და, შესაბამისად, საჭიროებს დაუყოვნებლივ დემონტაჟს. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბიურომ ვეღარ შეძლო, კიდევ ერთხელ გადაედო პროცესი და სწორედ იმიტომ, რომ აქ მცხოვრებთა ფიზიკური უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ჩვენ დღეს მოვედით მისამართზე მხარდამჭერ უწყებებთან ერთად. რაც შეეხება სამართლებრივ საფუძვლებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი ფუნქცია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაა, რაც გულისხმობს, მათ შორის, კრედიტორის უფლებას, მიიღოს დროში ეფექტიანად და სწრაფად ის შედეგი, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ არის დადგენილი; სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათ შორის, რომ იყოს საკუთრების უფლება დაცული და ამ შემთხვევაშიც პირმა, რომელიც რეალური მესაკუთრეა ამ ქონების, სასამართლო წესით მიიღო დადასტურება იმისა, რომ უნდა მოხდეს ფიზიკურ პირთა გამოყვანა ამ შენობებიდან“, – განაცხადა სოფო ლოქაბიძემ.