აღსაზრდელისთვის კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ბაღის მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგები მიიღებენ
აღსაზრდელისთვის კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ბაღის მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგები მიიღებენ

იმ შემთხვევაში, თუ ბაღის აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდება, საკითხის მართვა ჯანდაცვის უწყების კომპეტენციაში გადავა. საკითხი გახდება სამედიცინო შემთხვევა და მასზე სრულ მართვას აიღებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ერთეული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ბაღს მჭიდრო ურთიერთობა ექნება ეპიდემიოლოგებთან და მათი ყველა მითითება და მოთხოვნა ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

გვანცელაძის განმარტებით, ბაღებში ყოველდღიურად განხორციელდება თერმოსკრინინგი და სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, აღსაზრდელი საიზოლაციო ოთახში გადავა, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ შეატყობინებენ მშობელს. როგორც გვანცალაძე აცხადებს, მშობელი ვალდებულია, ბავშვი წაიყვანოს ბაღიდან გონივრულ ვადაში და მიმართოს ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღი დაუკავშირდება 112-ს. ასევე, თუ აღსაზრდელს სეზონური გრიპი ან სხვა ვირუსი დაუფიქსირდება, ჯგუფი გეგმური სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ აღადგენს ფუნქციონირებას.

კახა გვანცელაძის ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება პირველი ოქტომბრიდან იგეგმება და ამ ეტაპზე ამ თარიღის გადაწევაზე საუბარი არ არის. სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო წლის დაწყების ვადების შესახებ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს.

დატოვე კომენტარი