„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, ბათუმს ჩეხეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ [ფოტო]
ბათუმს ჩეხეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – ტომაშ პეტრშიჩეკი და მარგოტ ვალსტრომი ეწვივნენ.
მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოში შვედეთის ელჩის ულრიკ ტიდესტრომის განცხადებით, შვედეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორია.
„ჩვენ ფორუმზე მაღალი დონის დელეგაციით ვართ წარმოდგენილი – საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერის მონაწილეობით. ეს კონფერენცია რამდენიმე მიზეზითაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. გვჯერა, რომ ამ ინიციატივას დიდი პოტენციალი აქვს. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე, ძალიან მჭიდრო ორმხრივი კავშირებია საქართველოსა და შვედეთს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში“, – განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.
ბათუმში 11-12 ივლისს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ გაიმართება. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.



