აღმოსავლეთ ესპანეთში წყალდიდობამ პრობლემები შექმნა
აღმოსავლეთ ესპანეთში წყალდიდობამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად აღმოსავლეთ ესპანეთი წყალდიდობებმა მოიცვა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

განსაკუთრებით დაზარალდა კატალონიის რეგიონის ზღვისპირა ქალაქი ალკანარი, სადაც მოვარდნილი წყალდიდობის გამო ქუჩები დაიტბორა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

გასულ ღამეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ძლიერი წვიმა იყო ესპანეთის ცენტრალურ რეგიონშიც, რამაც საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.

მეცნიერების განცხადებით, გლობალური დათბობის და კლიმატური ცვლილებების გამო ძლიერი წვიმები კიდევ უფრო გახშირდება ესპანეთში.