აღმოჩენილია ადამიანთა უძველესი მუმიები, რომლებიც შებოლვით არის მუმიფიცირებული — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ადამიანთა უძველესი მუმიები, რომლებიც შებოლვით არის მუმიფიცირებული — #1tvმეცნიერება

მიცვალებულთა მუმიფიცირება უძველესი რიტუალია, რომელსაც ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში მისდევდნენ მთელ მსოფლიოში.

ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ შეიძლება არასათანადოდ ვაფასებდით ამ პრაქტიკის გავრცელებულობას. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ ჩინეთში აღმოჩენილ ძვლებს მიზანმიმართული მუმიფიცირების ნიშნები აქვს და ნეოლითის წინა პერიოდს ეკუთვნის, 12 000 წლის წინანდელია.

ანუ, ისინი რამდენიმე ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე მუმიფიცირებით სახელგანთქმული ისეთი კულტურები, როგორიც იყო ჩინჩოროს ხალხი ჩილეში, რომელიც მიცვალებულთა მუმიფიცირებას 7000 წლის წინ ახდენდა; და ძველეგვიპტელები, რომლებიც ამას ჯერ კიდევ 5600 წლის წინ აკეთებდნენ.

რატომ შეიძლებოდა, ეს ამბავი აქამდე არ გვცოდნოდა? მეთოდი, რომელსაც ადრეული აზიური კულტურები იყენებდნენ, განსხვავდება მუმიფიცირების უფრო კარგად ცნობილი პრაქტიკებისგან. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგის, ჰსიაო-ჩუნ ჰუნგის ჯგუფის თანახმად, მათ კვლევაში შესწავლილი ინდივიდები ნელა იყვნენ შებოლილი ღია ცეცხლზე დიდი ხნის განმავლობაში.

ეს პრაქტიკა ჰგავს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აღმოჩენილ ოდნავ უფრო გვიანდელი პერიოდის სამარხებისას, რაც მიუთითებს კულტურულ კავშირზე საერთო დაკრძალვის რიტუალების მეშვეობით.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოჩენილი სამარხები წარმოაჩენს კულტურული შეხედულებებისა და დაკრძალვის პრაქტიკის საოცრად მდგრადი ერთობლიობას, რომელმაც 10 000 წელიწადზე დიდხანს გასტანა მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებებში, რომლებიც თავიანთი ქალა-სახის ატრიბუტებითა და გენომური მსგავსებით ენათესავებოდნენ ახალი გვინეის მაღალმთიანეთისა და ავსტრალიის ადგილობრივ მოსახლეობას“, — წერენ მკვლევრები.

არქეოლოგებმა ადრე შენიშნეს, რომ ნეოლითის წინა პერიოდის მრავალ სამარხს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ ჩინეთში, ბევრი საერთო ჰქონდათ. ბევრ შემთხვევაში, ინდივიდი მოხრილია ჩაცუცქულ ან ნაყოფის პოზაში, მჭიდროდ შეკრული. ამას გარდა, ამ სამარხების უმეტესობაში შეინიშნება ძვლების დამწვრობა.

პასუხგაუცემელი რჩებოდა, როგორ ამზადებდნენ ეს კულტურები მიცვალებულებს დასაკრძალად და როგორ აღწევდნენ დამარხვის ასე გამორჩეულ პოზებს. ჰუნგი და მისი კოლეგები ვარაუდობდნენ, რომ ნეშტები შებოლვით გამომშრალი იყო, დაახლოებით ისე, როგორც ახალი გვინეის მაღალმთიანეთის ზოგიერთი კულტურა დღემდე ამზადებს თავიანთ მიცვალებულებს.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ნეოლითის წინა პერიოდის 54 სხვადასხვა სამარხზე აღმოჩენილი 69 ძვლის ნიმუში, რომლებიც 4000 – 12 000 წლის წინანდელი იყო და 11 სხვადასხვა ძეგლზე ნაპოვნი სამხრეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ ვიეტნამსა და ინდონეზიაში.

ძვლები შეისწავლეს რენტგენული დიფრაქციით (XRD) და ფურიეს გარდაქმნის ინფრაწითელი სპექტროსკოპით (FTIR). XRD განსაკუთრებით ეფექტიანად აფიქსირებს იმ ცვლილებებს ძვლის სტრუქტურაში, რომლებიც 500 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზეა მომხდარი. FTIR კი უკეთესია დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით გამოწვეული ძვლის ცვლილებების აღმოსაჩენად.

ხუთმა ნიმუშმა საიმედო FTIR შედეგები ვერ უზრუნველყო და ასე დარჩა მხოლოდ 64 ნიმუში. მათ უმეტესობას, დაახლოებით 84 პროცენტს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების მტკიცებულება. ზოგიერთ ძვალს ჭვარტლის კვალიც ჰქონდა, მაგრამ ერთი და იგივე ინდივიდისგან აღებულმა სხვადასხვა ძვლებმა განსხვავებული მნიშვნელობები აჩვენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტემპერატურას შერჩევითად იყენებდნენ. ზოგიერთ ძვალს ჰქონდა ჭრილობის ნიშნებიც.

აღმოჩენების საფუძველზე, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დამუშავების ეს მეთოდი თითქმის იგივე იყო, რაც დღეს აქვთ ახალი გვინეის დანის ხალხს რიტუალებში. გარდაცვლილ ადამიანს მჭიდროდ კრავენ, შემდეგ კი კიდებენ ნელი, ბოლიანი ცეცხლის თავზე კვირების ან თვეების განმავლობაში. ძვლებზე არსებული ჭრილობები შეიძლება მიუთითებდეს დრენაჟის ან დეზარტიკულაციის მიზნით გაკეთებულ ჭრილობებზე.

მას შემდეგ, რაც ინდივიდი სათანადოდ მუმიფიცირდება, დაკრძალვის რიტუალი იწყება. დანის ხალხი მუმიებს ღია ცის ქვეშ ფენს; ნეოლითის წინა პერიოდის ხალხი კი მარხავდა.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ მიზანმიმართული მუმიფიცირება იმაზე მეტადაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, თანაც უფრო კომპლექსურად და მრავალფეროვნად და იმაზე ძველია, ვიდრე მიგვაჩნდა.

„შებოლვით მუმიფიცირების ტრადიცია გარდაცვლილთა ნეშტს დიდხანს ინარჩუნებდა, რაც ხალხს წინაპრებთან ფიზიკური და სულიერი კავშირის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა The Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.