აღარ მინდა მეორე ნომრად ყოფნა - ტიერი ანრი მზად არის, აშშ-ის ნაკრები ჩაიბაროს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა, ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ მზად არის, სათავეში ჩაუდგეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს.
ფრანგის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ბელგიის ნაკრები, სადაც 45 წლის ანრი რობერტო მარტინესს ეხმარებოდა. ადრე ის „მონაკოსა“ და „მონრეალის“ მთავარი მწვრთნელი იყო.
„რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებში გაემგზავრა, მაგრამ მე მას არ წავყევი. მეორე ნომრად ყოფნა აღარ მინდა. მარტინესის მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ, მან კარგი შესაძლებლობა მომცა, მაგრამ ახლა მინდა, ისევ გამოვცადო საკუთარი თავი მთავარი მწვრთნელის რანგში.
ვიცნობ თუ არა ამერიკელ ფეხბურთელებს? დიახ. ვიცნობ თუ არა ჩემპიონატს? დიახ, ვიცნობ. მინდა თუ არა რომელიმე ნაკრების გაწვრთნა? რა თქმა უნდა“, – განუცხადა ანრიმ CBS Sports-ს.
გრეგ ბერჰალტერის განთავისუფლების შემდეგ აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ენტონი ჰადსონი გახდა.