თბილისის ზღვაზე აფროსნობის სეზონი საშემოდგომო რეგატით გაიხსნა. „თბილისის თასისთვის“ შვიდი ეკიპაჟი იბრძვის, რბოლები კი შვიდი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოში აფროსნობა დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო და საგაზაფხულო და საშემოდგომო რეგატების ტრადიცია მხოლოდ 2016 წელს თბილისის იახტ-კლუბის ინიციატივით აღადგინეს.
ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში ეკიპაჟების რაოდენობაც გაიზრდება, სახეობა მასობრივი გახდება და საქართველო 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე იქნება წარმოდგენილი.
სამწუხაროდ, პანდემიამ მათ გეგმებს დროებით ხაზი გადაუსვა და ბოლოს რეგატა 2019 წელს გაიმართა – წელს ტურნირი აფროსნობის და საკრეისერო ფედერაციების მონდომებით კვლავ ჩატარდა.
„თბილისის მერიამ იახტ-კლუბს ტერიტორია გადასცა. ბევრი პროექტი და ჩანაფიქრი გვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ განვახორციელეთ. იმედია, მალე ყველა პრობლემა მოგვარდება და ჩვენს სახეობაში დაწყებული პროგრესი გაგრძელდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საკრეისერო აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი დავითაშვილი.
გურამ ბიგანიშვილი, საშემოდგომო რეგატის მთავარი არბიტრი, აფროსნობაში ევროპის ჩემპიონი:
„ყველაფერი რომ დაიხურა, ცხადია, აფროსნობის სკოლაში ბავშვების მიღებაც შევაჩერეთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ აფროსნობის ტრადიცია აღდგა, ეკიპაჟები ვარჯიშს არ აჩერებდნენ და ეს მაიმედებს, რომ აფროსნობაში წინსვლა გვექნება“.