აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას რუსლან აბაშიძე შეასრულებს
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას რუსლან აბაშიძე შეასრულებს

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი აირჩია. თანამდებობა რუსლან აბაშიძემ დაიკავა.

რუსლან აბაშიძემ 10 დღის ვადაში სამოქმედო გეგმა და საკადრო პოლიტიკა უნდა წარადგინოს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, აბაშიძე სხვა წარდგენილი კანდიდატებიდან პრეზიდიუმმა შეარჩია, შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე კენჭი მხოლოდ მას უყარეს. სხდომაში 19-დან 11-მა დეპუტატმა მიღო მონაწილეობა და ყველა მათგანმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

რუსლან აბაშიძის კანდიდატურას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, ისინი აცხადებენ, რომ პროცედურა დაჩქარებული წესით წარიმართა, რის გამოც მათ კანდიდატის ხედვა ვერ მოისმინეს. კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდა „აფხაზეთის მეომართა კავშირიც“. ისინი დღეს უმაღლეს საბჭოში მივიდნენ და შერჩევის პროცედურა გააპროტესტეს. მათი თქმით, უმაღლესმა საბჭომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატურა არ განიხილა და აბაშიძეს მხარი უპირობოდ დაუჭირა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლიდან ვახტანგ ყოლბაია ასრულებდა. მან გადადგომაზე ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა.

რუსლან აბაშიძე მიმდინარე წლის 4 იანვრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2013-2014 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში.