აფხაზეთიდან დევნილი მიტუშა ახალაია მარნეულის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
აფხაზეთიდან დევნილი მიტუშა ახალაია მარნეულის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

მარნეულში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მიტუშა ახალაია მარნეულის მერიას დისკრიმინაციაში და უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ახალაია ომის ვეტერანია.

მისი განცხადებით, 1999 წლიდან თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მარნეულში ე.წ. სამხედრო დასახლებაში 10-წლიანი სარგებლობის უფლებით 633 კვ.მ. მიწას ფლობს, სადაც ბლოკის ჩამომსხმელი საამქრო დააარსა.

ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მისივე მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს მისთვის მიწაზე განხორციელებული ინვესტიცია უნდა აენაზღაურებინა, რაც არ მომხდარა. ახალაია მიწის ნაკვეთის გადაფორმებას ითხოვს და აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პროცესს აჭიანურებს.

ახალაია წერილით საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მომართავს და დახმარებას ითხოვს.

მარნეულის მერიაში აცხადებენ, რომ მიტუშა ახალაიას მიმართ აღიარების კომისიას გარკვეული კითხვები ჰქონდა. საკითხი განხილვის სტადიაშია და უახლოეს სხდომაზე, რომელიც ჩაინიშნება, მისი საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.