აფეთქების ექო: ვინ არის უკრაინელი მილიონერი ვადიმ ერმოლაევი, რომლის მოკვლაც მონაკოში სცადეს?

18:03, 01.07.2026
2026 წლის 30 ივნისს, მონაკოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში მომხდარი აფეთქებიდან მეორე დღეს, გამნაღმველთა ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ

2026 წლის 30 ივნისს, მონაკოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში მომხდარი აფეთქებიდან მეორე დღეს, გამნაღმველთა ჯგუფის წევრები შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ

29 ივნისის საღამოს, მონაკოში, Rue Reverend Pere Louis Frolla-ს ქუჩის №4-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა, სამიზნეს კი უკრაინელი ბიზნესმენი წარმოადგენდა, რომელიც სამთავროში 2021 წლიდან ცხოვრობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია დნიპროელ ბიზნესმენ ვადიმ ერმოლაევზე, რომელიც საჯარო აქტიურობით არ გამოირჩევა. მისმა მეუღლემ, ანა ერმოლაევამ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) ეს ინფორმაცია დაუდასტურა. თავად ანა არ დაშავებულა, რადგან აფეთქების დროს მონაკოში არ იმყოფებოდა.

ამასთან, დაუდგენელმა პირმა შენობის ფოიეში ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა, რომლის ამოქმედების შედეგად დაშავდა ბიზნესმენთან მყოფი ქალი და 13 წლის ბიჭი, ასევე ორი გამვლელი. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს. გაეცანით Suspilne-ს რეპორტაჟი ერმოლაევის წარსულისა და თავდასხმის დეტალების შესახებ.

 

სარეცხი საშუალებებიდან უძრავ ქონებამდე

ვადიმ ერმოლაევმა ქონება გასული საუკუნის 90-იან წლებში დააგროვა. უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კულინარიული კოლეჯის კურსდამთავრებულს ბულგარეთიდან და თურქეთიდან იმჟამინდელ დნიპროპეტროვსკში სიგარეტი, ალკოჰოლი, სარეცხი ფხვნილი და შამპუნი შემოჰქონდა. მოგვიანებით მან საკუთარი საბითუმო ბიზნესი წამოიწყო. 1995 წელს, მან და მისმა ნათესავმა, სტანისლავ ვილენსკიმ, კომპანია „ალეფ კორპორეიშენი“ ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

ორი წლის შემდეგ, ერმოლაევმა და მისმა პარტნიორებმა ხარკოვის ოლქის სოფელ პერვომაისკში არსებული ქარხანა „ქიმპრომის“ საწარმოო სიმძლავრეები აღადგინეს და სარეცხი ფხვნილის, „ლოტოსის“ წარმოება განაახლეს. 1999 წელს ერმოლაევი გახდა თურქი მეწარმის, მუსტაფა ბასერის ბიზნესპარტნიორი, რომლის ჰოლდინგი „ბასერი“ პროდუქციას ბრენდ „გალას“ სახელით უშვებდა.

ბასერისა და უკრაინელი ბიზნესმენების ერთობლივმა საწარმო „ოლვია ბეტამ“ რომელშიც ერმოლაევი 25%-იან წილს ფლობდა, დნიპროპეტროვსკის ოლქში საყოფაცხოვრებო საქონლის ქარხანა ააშენა. ხუთი წლის შემდეგ კომპანია ბასერის მთავარმა კონკურენტმა, „პროქტერ ენდ გემბლმა“ იყიდა. 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე კი ერმოლაევმა ჩეხურ „ჰოუმ კრედიტ ბანკს“ „აგრობანკიც“ მიჰყიდა.

ბანკის გაყიდვიდან და „ბასერის“ ქარხანაში თავისი წილის გასხვისებიდან მიღებული თანხა ერმოლაევმა კომერციულ უძრავ ქონებაში დააბანდა. 2000-იან წლებში ის დნიპროს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი გახდა. პარტნიორებთან ერთად მან ააშენა საოფისე და სავაჭრო ცენტრი „ბოსფორი“, მრავალფუნქციური კომპლექსი „კასკად პლაზა“, სავაჭრო ცენტრი „მოსტ სიტი ცენტრი“ და კომპლექსები, „ენიგმა“ და „პრიზმა“.

უძრავი ქონების გარდა, ერმოლაევმა ინვესტიციები გაზბეტონის, ფანჯრებისა და კარების ფურნიტურის და პლასტმასის ჩარჩოების მწარმოებელ რამდენიმე ქარხანაშიც ჩადო. მან თანხები სოფლის მეურნეობაშიც დააბანდა. 2010-იან წლებში „ფორბსი“ მის ქონებას 110-დან 220 მილიონ დოლარამდე აფასებდა.

იმ პერიოდში, უძრავი ქონების დეველოპერები დნიპროში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ. 2012 წელს, დაქირავებულმა კილერმა ქალაქის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საფინანსო-სამრეწველო ჯგუფ „სპარტას“ ვიცე-პრეზიდენტი, გენადი აქსელროდი. ორი წლით ადრე კი უცნობი პირები მისი ბიზნესპარტნიორის, გენადი კორბანის მოკვლას შეეცადნენ. ვადიმ ერმოლაევმა ეს პერიოდი მშვიდობიანად გადააგორა. ბევრი ადგილობრივი ბიზნესმენისგან განსხვავებით, ის პოლიტიკაში არასოდეს გარეულა.

ღვინიდან სანქციებამდე

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ერმოლაევის „ალეფ კორპორეიშენს“ უკრაინაში არა მხოლოდ სამომხმარებლო საქონელი და სარეცხი საშუალებები, არამედ ბულგარული ღვინოც შემოჰქონდა. მოგვიანებით მან დნიპროპეტროვსკის ოლქში ღვინის ქარხანა გახსნა და იაფი ღვინის „ზოლოტა ამფორას“ ჩამოსხმა დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში ერმოლაევმა ყირიმში ღვინის სამი ქარხანა და ვენახები შეიძინა.

ეს ქარხნები აწარმოებდნენ ღვინოებს „ტამიანკას“, „მედვეჟია კროვს“ და „მონასტირსკაია იზბას“, ასევე კონიაკებს „კლინკოვსა“ და „ჟან-ჟაკს“. პარალელურად, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქარხანა არაყ „გრინ დეის“ ჩამომსხმელ საწარმოად გადაკეთდა. თავისი ყირიმული მეღვინეობის აქტივები ერმოლაევმა კომპანიაში „ალეფ-ვინალ-კრიმში“ გააერთიანა, რომელიც მოგვიანებით „ალეფ-ვინალის“ ნაწილი გახდა.

2014 წლის შემდეგ, ერმოლაევს ყირიმში მეღვინეობის ბიზნესი არ მიუტოვებია. ტელეკომპანია Current Time-ისა და რუსული ანტიკორუფციული პროექტის Municipal Scanner-ის ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ, ალკოჰოლის სფეროში თავისი ბიზნესი ერმოლაევმა უკრაინულ და რუსულ სეგმენტებად გაყო და მათი ფლობის ფაქტი კვიპროსში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიების ქსელის მეშვეობით დამალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ერმოლაევის ყირიმის აქტივები გახდა იმის მიზეზი, რომ უკრაინამ მას პერსონალური სანქციები დაუწესა. „ფორბს-უკრაინა“, სამართალდამცავი ორგანოების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები 2023 წლის დეკემბერში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაამტკიცა. ამ დროისთვის ერმოლაევი უკვე მონაკოში ცხოვრობდა. 2022 წლის აგვისტოში გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტებმა ის ს მონტე-კარლოს კაზინოსთან დააფიქსირეს, სადაც უკრაინელი ბიზნესმენი დნიპროს სარეგისტრაციო ნომრების მქონე „ბენტლის“ მარკის ავტომობილით მივიდა.

ერმოლაევმა მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „სურეალისტური“ უწოდა და ამტკიცებდა, რომ რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ყირიმში ყველა აქტივი დაკარგა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო დიდი ზარალი განიცადა. ერმოლაევის თქმით, რუსულმა ძალებმა მისი თვითმფრინავი გაანადგურეს და ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიებიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოპარეს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი ჯერ კიდევ 2017 წელს თქვა და მას შემდეგ მხოლოდ კვიპროსის პასპორტს ფლობს.

„სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით, ერმოლაევმა დაიწყო ოფშორული კომპანიების გადაფორმება ნათესავებზე, მათ შორის თავის ქალიშვილ სოფიაზე“, -ნათქვამია გამოძიებაში, რომელიც 2024 წლის სექტემბერში უკრაინილმა გამოცემა „ჰრომადსკე“-მ გამოაქვეყნა. ამ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება ერმოლაევმა არ ისურვა.

უფროსი ვაჟისთვის გამოტანილი განაჩენი

2025 წლის დეკემბერში „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინებოდა, რომ ვადიმ ერმოლაევის უფროსი ვაჟი, არტური, ინტერპოლის მოთხოვნით, კვიპროსში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არტურს ქოლცენტრების ქსელის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი და ესტონეთში მისი ექსტრადირება იგეგმებოდა.

დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს, ესტონეთის ოფიციალურ სასამართლო პორტალზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰარიუს საოლქო სასამართლომ (მის იურისდიქციაშიც დედაქალაქი ტალინიც შედის) არტური ერმოლაევი დამნაშავედ ცნო იმ დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნასა და ხელმძღვანელობაში, რომელიც სატელეფონო თაღლითობით იყო დაკავებული. სასამართლოს ცნობით, ჯგუფი 2017 წლიდან მოქმედებდა და 2019-2022 წლებში 100 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი მიიღო. აქედან 5.4 მილიონი ევრო მან ესტონეთის მცხოვრებლებს გამოსტყუა.

ესტონეთის სასამართლოს განცხადების თანახმად, უმცროსმა ერმოლაევმა ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას ხუთწლიანი პირობითი სასჯელი დაუდგინდა, ასევე დაეკისრა ოთხი თვისა და 26 დღის საპატიმროში გატარება და ესტონეთის პროკურატურის ანგარიშზე 8.5 მილიონი ევროს ჩარიცხვა. ამის შემდეგ ესტონეთიდან არტური ერმოლაევის დეპორტირება განხორციელდა და მას ქვეყანაში შესვლა 10 წლით აეკრძალა. არტური ერმოლაევთან ან მის წარმომადგენლებთან კომენტარისთვის დაკავშირება Suspilne-მ ვერ მოახერხა.

თავდასხმის დეტალები

უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Suspilne-ს განუცხადა, რომ ოფიციალური ინფორმაციას მონაკოში მომხდარი აფეთქების შესახებ ამ დროისთვის არ ფლობს. უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ანალოგიური პასუხი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც. ამავდროულად, გამოცემა Nice-Matin-ი, საფრანგეთში უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით, წერს, რომ დიპლომატიური მისია, აფეთქებასთან დაკავშირებით, უკვე დაუკავშირდა შესაბამის ორგანოებს.

მონაკოს გენერალურმა პროკურორმა, სტეფან ტიბომ 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამთავროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი საქმეს „მკვლელობის მცდელობისა“ და „საზოგადოებრივ ადგილებში ასაფეთქებელი ნივთიერებების ან მოწყობილობების განთავსების“ მუხლებით იძიებს. ტიბოს მსხვერპლთა ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანი უკრაინული წარმომავლობის ბიზნესმენია, რომელიც 2021 წლიდან მონაკოს რეზიდენტია.

„მის წინააღმდეგ მონაკოშიარანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, ის არც უცხოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება“, – ციტირებს ტიბოს სიტყვებს Nice-Matin-ი.

 

სტატიის ავტორი: მაქსიმ კამენევი/უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ვალერი ჰაჩი /საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 30 ივნისი 2026, 23:31 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი