აფეთქება სამხედრო ქარხანაში: ევაკუირებულია 300 ადამიანი
სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლის ღრუბელი
ტრიავნასთან (ცენტრალური ბულგარეთი) ახლოს მდებარე სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილზე ამჟამად ბულგარეთის სახანძრო სამსახურის, პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დანაყოფები იმყოფებიან. ტერიტორია ალყაშემორტყმულია, მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის გაზომვა.
აფეთქება 10 აგვისტოს, დილით, დაახლოებით 11 საათზე მოხდა და მისი ხმა ტრიავნადან 15 კილომეტრის დაშორებითაც კი გაიგეს. ადგილობრივი მოსახლეობლის თქმით, დარტყმითი ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ სახლებში ფანჯრები და ავეჯი შეაზანზარა.
სავარაუდოდ, მოხდება ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის, BG-ALERT-ის გააქტიურება. ამის შესახებ ფეისბუკ-გვერდზე ტრიავნას მუნიციპალიტეტის მერმა, დენჩო მინევმა დაწერა.
კრისტინა სიდოროვა, გაბროვოს ოლქის გუბერნატორი: „ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის არის, რომ ქარხნის ამ სექციაში მომუშავე 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან ყველა მათგანი გამოიყვანეს; დაშავებული ან დაღუპული არავინაა“.
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ. ტერიტორიაზე კვამლის ღრუბელია, ამიტომ იგეგმება ჯგუფების გაგზავნა კვამლის დონისა და ჰაერის ხარისხის გასაზომად.
„ამჟამად ყველა ზომა მიღებულია იმ საგანგებო გეგმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი სიტუაციებისთვის გვაქვს შემუშავებული“.
ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.
„ჩატარდება გამოძიება. ამჟამად საუბრობენ სატრანსპორტო საშუალებაზე, თუმცა დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ დაზუსტდება“.
ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია და მოწყობილია საკონტროლო-გამშვები პუნქტები. ხელისუფლება მოუწოდებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, არ მიუახლოვდნენ ინციდენტის ადგილს, ფანჯრები დახურონ და დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდაციები.
ჯერ გაურკვეველია, არსებობს თუ არა ჰაერის დაბინძურების საფრთხე, ან საჭიროა თუ არა აუცილებელი ზომების მიღება შემდგომი აფეთქებების თავიდან ასაცილებლად.