სამგზავრო თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“ იძულებული გახდა, ფრენა შეეწყვიტა და შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნებულიყო
სამგზავრო თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“ იძულებული გახდა, ფრენა შეეწყვიტა და შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნებულიყო

ავიკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“ იძულებული გახდა, ფრენა შეეწყვიტა და შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნებულიყო. ლაინერი რუსეთის დედაქალაქიდან სამარაში ასრულებდა ფრენას. როგორც რუსული მედია სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, მფრინავის კაბინაში ამოქმედდა ტექნიკური გაუმართაობის სიგნალი, რის გამოც ეკიპაჟმა უკან მიბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, გვიან ღამით, ტექნიკური გაუმართაობა გახდა ავიაკომპანია „აზიმუტის“ კუთვნილი „სუხოი სუპერჯეტის“ დაგვიანების მიზეზიც. თვითმფრინავი კრასნოდარი-ჩელიაბინსკის რეისს ასრულებდა. დილით კი, ამავე კომპანიის „სუპერჯეტის“ რეისი გაუქმდა ტოლმაჩევოს აეროპორტიდან.

გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „აეროფლოტმა“ „სუხოი სუპერჯეტის“ 50-მდე რეისი გააუქმა.

5 მაისს შერემეტიევოს აეროპორტში ამ ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა.