აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახური მუშაობს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს, რომელსაც დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, დარგის ექსპერტები.
შეხვედრაზე საქართველოში თანამედროვე, დასავლური ტიპის ალერგოლოგიური პროფილის აერობიოლოგიური სამსახურის ანგარიში წარადგინეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველად საქართველოში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა დააარსა აეროალერგენების დათვლის სამი სადგური (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), შექმნა თბილისის აეროალერგენების 5-წლიანი მონიტორინგის კალენდარი, დაიწყო აეროალერგენების გავრცელების ყოველკვირეული პროგნოზირება, საქართველო გახდა ევროპის აეროალერგენების დათვლის პროექტის კოლაბორატორი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ისევე, როგორც ხდება ამინდის პროგნოზირება, ასევე შესაძლებელია აეროალერგენების კონცენტრაციის პროგნოზირება.
„ამის საშუალებით, ალერგიული ადამიანები თავისი სტატუსის მონიტორინგს აწარმოებენ. ამის შესაძლებლობა მოგვცა ურთიერთობამ გერმანიის წამყვან ამ ტიპის ცენტრებთან. ამდენად, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს, ამ მონაცემების საფუძველზე საშუალება მიეცა იმ ჯგუფს, ვინც ამ საკითხს სწავლობს, გარკვეული პროგნოზირების საშუალება ჰქონდეთ. შედგა ასევე ალერგენული მცენარეების ყვავილობის კალენდარი და პროგნოზირების ელემენტებიც შემოვიდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ყოველკვირეული პროგნოზის ნახვა allergy.ge-ზეა შესაძლებელი.