ადვოკატის ინფორმაციით, თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ისრაელის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს

16:19, 05.04.2021

თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ისრაელის მოქალაქის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ჯორჯ საიმონ ჰოური დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის თქმით, ე.წ. კრიპტოვალუტების საქმეზე დაკავებული ისრაელის მოქალაქე საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ახორციელებდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯორჯ საიმონმა წერილობითაც დააფიქსირა პოზიცია, რომ დუმილის უფლებას იყენებს.

„ის დუმილის უფლებას იყენებს, აქედან გამომდინარე, მე საქმის დეტალიზაციას ვერ მოვახდენ. მეორე საკითხია ის, რომ საქმე არის გამოძიების ეტაპზე, 27 აპრილს არის წინასასამართლო სხდომა დანიშნული, მანამდე იქნება გამოძიების ეტაპი, თუ კიდევ არ გადაიდო – გამოძიების დასრულება თუ ვერ მოესწრო და მეორე – პროკურატურაც აფიქსირებს, რომ ელოდებიან უცხოეთიდან მტკიცებულებებს. ამიტომ ჯორჯ საიმონ ჰოურის პოზიციაა, როცა გამოძიება მიიღებს დასრულებულ სახეს, ის გაეცნობა საქმის მტკიცებულებებს, მასალებს და შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას, რა დამოკიდებულება აქვს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. გამოკითხვის ოქმშიც ამბობს, რომ მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, როცა საქმის მასალებს სრულყოფილად გავეცნობიო“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს ათ და ისრაელის ერთ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.

მსგავსი