ადვოკატი - ვანო მერაბიშვილი თავს გრძნობს მხნედ
ადვოკატი - ვანო მერაბიშვილი თავს გრძნობს მხნედ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი საპატიმროში მსჯავრდებულის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მერაბიშვილს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით გამოკვლევები ჩაუტარდა. მისი თქმით, ეს უკავშირდებოდა სასუნთქი გზების პრობლემას, თუმცა სხვა პრობლემებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში მერაბიშვილს მედიკოსები მოინახულებენ.

„გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დაუნიშნეს მკურნალობის კურსი. ახლა მას მედიკამენტოზური მკურნალობა უტარდება. გარდა ამისა, სხვა პრობლემებთან დაკავშირებით როგორც მითხრეს, დღეს და ხვალ მოვლენ ექიმები და თუ საჭირო გახდება, დიაგნოსტიკაზე ისევ გადაიყვანენ. თავს გრძნობს მხნედ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და ახლა გადის მკურნალობის კურსს“, – განაცხადა ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს, სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს საავადმყოფოში გადაყვანა გუშინ დასჭირდა. როგორც პირველ არხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ვანო მერაბიშვილს ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაყვანა საჭიროდ ჩათვალა.