ადვოკატი - ქართველი მეზღვაურები მოთმინებით ელოდნენ გათავისუფლებას და ძალიან დაეხმარნენ გამოძიებას
ადვოკატი - ქართველი მეზღვაურები მოთმინებით ელოდნენ გათავისუფლებას და ძალიან დაეხმარნენ გამოძიებას

ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული მეზღვაურების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იყვნენ დაკავებული, საკმაოდ რთული იყო.

ადვოკატ ალი შატუის თქმით, ქართველი მეზღვაურები გამოძიებას დაეხმარნენ.

„ეს ძალიან დიდი საქმე იყო. მაგრამ მადლობა ღმერთს, წარმატებას მივაღწიეთ. მეზღვაურები მოთმინებით ელოდნენ გათავისუფლებას და ძალიან დაგვეხმარნენ გამოძიებაში. რთული, მაგრამ კარგი სამუშაო გავწიეთ. დაკისრებული იყო დიდი ჯარიმა, მილიონ სამასი ათასი დოლარის ოდენობის, ამიტომ იოლი არ იყო ამ პრობლემის გადაჭრა. სიტუაცია ლიბიაში არ არის სტაბილური, ამიტომ რთული იყო მათთვის თუნდაც საჭმლის გადაცემა ან რაიმე სახის დახმარების გაწევა. ბოლო კვირას, როდესაც გათავისუფლებისთვის ვემზადებოდით, საკმაოდ რთული სიტუაცია იყო, მე თვითონაც მეშინოდა, მაგრამ შეხვდით ერთმანეთს, ერთი ღამე სასტუმროში გავათენეთ და შემდგომ ტრიპოლიდან სტამბოლის გავლით ჩამოვედით თბილისში“, – განაცხადა გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურების ადვოკატმა.

ქართველი მეზღვაურები რომან კაკალაძე და გენო კომახიძე ლიბიაში 2017 წელს დააკავეს.

ისინი პატიმრობიდან 17 დეკემბერს გათავისუფლდნენ, სამშობლოში კი, დღეს დილით დაბრუნდნენ.

ქართველ მეზღვაურებს გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა, თუმცა მათ ყველა ბარლდება მოეხსნათ.