ადვოკატი - ნიკა მელია ბედნიერია იმით, რომ არ მოხდა პროვოკაცია, არ დაზიანდნენ ადამიანები
ადვოკატი - ნიკა მელია ბედნიერია იმით, რომ არ მოხდა პროვოკაცია, არ დაზიანდნენ ადამიანები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს.

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას.

„ნიკა თავს გრძნობს ისე მხნედ, როგორც არასდროს. მისი მთავარი გზავნილია, ბრძოლა ბოლომდე. ასევე, იგი არის ბედნიერი იმით, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა ოფისში უსამართლობას, მშვიდად, ძალადობის გარეშე დახვდა სპეცდანიშნულების რაზმს, რამაც საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო, რომ ადამიანებმა არ მიიღეს დაზიანებები.

მოწოდება იყო ნიკა მელიას მხრიდან, თუ მოვლენ ძალადობით, ჩვენ უნდა დავხვდეთ სიმშვიდით, ტაშით, სიმღერით. ის არის ბედნიერი იმით, რომ არ მოხდა პროვოკაცია, არ მოხდა ადამიანების დაზიანება.

ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ. გვექნება, როგორც პატიმრობის გაუქმების კუთხით, ასევე თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ, რომ ეს საქმე არის შეკერილი და პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.