ადვოკატი – ხორავას ქუჩის მკვლელობაზე დაკავებული არასრულწლოვანი პატიმრობაში დაუსაბუთებლად იმყოფება 

12:16, 29.08.2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს წინასასამართლო სხდომა გრძელდება.
ადვოკატ მარიამ პაპოშვილის განცხადებით, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ. მისივე თქმით, ბრალდების მხარემ წინა სხდომაზე მოითხოვა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვა, რომელიც გამომდინარეობს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, 31 მაისის სასამართლოს განაჩენიდან.

ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, ბრალდებული პატიმრობაში უსამართლოდ და დაუსაბუთებლად იმყოფება.

„დღევანდელო დღე არის მესამე წინასასამართლო სხდომა. განიხილავენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში უსამართლოდ და დაუსაბუთებლად რჩება. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება ზედმეტად მკაცრია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით. საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომ მას შეუძლია მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა. მტკიცებულების განადგურება ან მოწმეზე ზეწოლა გამორიცხულია. ის არის უდანაშაულო, აბსურდია, რომ მან რამე შეცვალა. პიროვნების ცრუ ჩვენება განაჩენზე უნდა ახდენდეს გავლენას, მისი ჩვენება კი ვერ მოახდენდა გავლენას განაჩენზე“,-განაცხადა მან.

გამოძიება დ.ღ.-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამასაც, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
ადვოკატების ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მათი თქმით, ეს ეხება ზაზა სარალიძესთან შეხვედრას. ადვოკატების ცნობით, მან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძის თხოვნით არ გაახმაურა.

მსგავსი