ადვოკატი - ხელისუფლებამ უნდა გვითხრას ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ან ის, რომ არ შეუძლია მისი მკურნალობა
ადვოკატი - ხელისუფლებამ უნდა გვითხრას ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ან ის, რომ არ შეუძლია მისი მკურნალობა

ყოფილი პრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ დღეს გამოკვლევების ჩასატარებლად მერაბიშვილის „მედიქლაბში“ დატოვებას აპირებენ.

„ვესაუბრე მთავარ ექიმს და გენერალურ დირექტორს. მათ მითხრეს, რომ დღეს მერაბიშვილთან შევა სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი, მოხდება სრულყოფილი, ახალი კვლევის ჩატარება, რადგანაც არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი. ეს შეიძლება იყოს სიმსივნური დაავადებები ან ინტოქსიკაცია. ჩვენ არ გადმოგვცემია წინა კვლევების პასუხები და შესაბამისად, არ მოგვეცა შესაძლებლობა, ეს კვლევები უცხოეთში გადაგვეგზავნა. იმედს ვიტოვებ, რომ დღის ბოლომდე მოგვაწვდიან კვლევის შედეგებს და მინიმუმ, დიაგნოზს მაინც გვეტყვიან, რა ჭირს ამ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რომ ისინი უძლურები არიან, არ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა და მერაბიშვილის მკურნალობა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეს მერაბიშვილის კლინიკაში დატოვებას აპირებენ, რათა ერთხელ მაინც მოხდეს მისი სრულყოფილად გამოკვლევა და შედეგის დადება. ამიტომ, ის განცხადება, თითქოსდა, სხვა დღეებთან შედარებით, მერაბიშვილი კარგად გრძნობს თავს, უხერხული და ურთიერთსაწინააღმდეგოა“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ამასთან, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები დღეს აღნიშნულ თემაზე ბრიფინგს გამართავენ.

ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ დღეს გადაიყვანეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილი ექიმებთან ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა