ადვოკატი - გიორგი რურუა არის უდანაშაულო, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ხელისუფლება ამ ფაქტს მოგონილი ტყუილებით ვერ გადაფარავს
ადვოკატი - გიორგი რურუა არის უდანაშაულო, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ხელისუფლება ამ ფაქტს მოგონილი ტყუილებით ვერ გადაფარავს

გიორგი რურუას წინააღმდეგ თამარ თორაძის განცხადებებს რურუას ადვოკატი ჭორს უწოდებს. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ამერიკაში თამარ თორაძის დაკითხვის გეგმასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, ამ შემთხვევაში ხელისუფლება პროკურატურას რურუას მიმართ ბინძური კამპანიის ასაგორებლად იყენებს.

„ვერანაირი მოლოდინი ვერ მექნება, რადგან ამ საქმის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რაც საჯაროდ გაჟღერდა. გუშინ პროკურატურამ უშინაარსო განცხადება გაავრცელა, რადგან თავდაპირველად განცხადებაში არ იკვეთებოდა საერთოდ რა უნდოდათ. ამ შემთხვევაში ხელისუფლება პროკურატურას იყენებს ისე, როგორც იყენებს ტროლების ფაბრიკა-ქარხნებს და ცდილობენ, ბინძური კამპანიის აგორებას გიორგი რურუას წინააღმდეგ. მაგრამ ეს ვერ უშველის პროკურატურას, რადგან ამ განსახილველ საქმეში, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს, გიორგი რურუა არის უდანაშაულო, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ვერ გადაფარავს ხელისუფლება ვერანაირი ბინძური კამპანიით, მოგონილი ტყუილებითა და ჭორებით. გიორგი რურუას მიმართ, სხვადასხვა ინფორმაციების და ჭორების გავრცელება დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ ის უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და პოლიციელებმა მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი. ცხადია, ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება. ხელისუფლებამ უბრალოდ აამოქმედა მისი ძლიერი იარაღი, რაც არის ადამიანების წინააღმდეგ ბინძური კამპანიის აგორება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მოსმენილი მაქვს თორაძეების საუბარი, რომელიც 1992 წელშია გაკეთებული და სადაც ისინი საუბრობენ მათსა და სხვა პირებს შორის დაპირისპირებაზე და იქ ახსენებენ სხვადასხვა სახელებს, მაგრამ არ ახსენებენ გიორგი რურუას. რატომღაც ახლა გაახსენდა მათი ოჯახის წევს რურუა, რომელიც დაკავებულია უკანონოდ და წარმოადგენს პოლიტიკურ პატიმარს“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება რურუას ბრალდების საქმეს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი და ექსპერტები დაიკითხებიან.