ადვოკატი - დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს
ადვოკატი - დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს

დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა „მედიქლაბში“ განუცხადა, სადაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად არის მისული.

ადვოკატი ეჭვობს, რომ დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას სპეციალურად უმალავენ.

„რამოდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ის გადმოყავდათ „მედიქლაბში“. თუ არ ვცდები, ეს კლინიკაში მისი მეხუთე გაყვანაა. სამწუხაროდ, წინა კვლევების პასუხები ჯერ კიდევ არ აგვიღია, არ გვეძლევა შესაძლებლობა, სამედიცინო დასკვნები მივაწოდოთ უცხოელ ნაცნობ ექიმებს, გავიაროთ მათთან კონსულტაცია. რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს.

მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება, თითქოსდა საერთოდ არაფერი არ სჭირს მერაბიშვილს და ამ ფონზე, დღეს დილით ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ის კვლავ გაყავთ საავადმყოფოში. ანუ, რა გამოდის, იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო კვლევებთან დაკავშირებით და ჩვენ არაფერი ვიცით, არ იცის ოჯახმა და არ იციან ადვოკატებმა.

დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს. სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ დაუსვას მას დიაგნოზი და ჩაუტაროს სწორი, ადეკვატური მკურნალობა.

დანარჩენს, გავარკვევ, როცა შევალ. იმედია, დღეს მაინც მოგვცემენ წინა კვლევის პასუხებს, რასაც, ძალიან დიდი ეჭვი, მაქვს, გვიმალავენ, რაღაც ფალსიფიცირების მცდელობას აქვს ადგილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, მერაბიშვილს ადეკვატური მკურნალობა ჩაუტარდეს.

„დღემდე ვიცით ჰორნერის სინდრომი, რომელიც გამომდინარეობს სხვა მძიმე დაავადებებიდან, მაგრამ ამ დაავადებებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით, დიაგნოზი არ დასმულა – ეს არის სიმსივნური, ეს არის ინფექციური თუ ინტოქსიკაციური.

დღეს შეუთანხმებლად მოხდა ეს გადმოყვანა. გვინდა, ჩვენთან შეთანხმებით გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მივიყვანოთ უცხოელი ექიმები, რომლებთან ერთადაც მოხდება სწორი დიაგნოზის დასმა“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ დღეს გადაიყვანეს. ვანო მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ გამოკვლევები „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.