ადვოკატი აცხადებს, რომ ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართეს
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულების, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
როგორც ადვოკატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, იმედი აქვს, რომ მიხეილ ყაველაშვილი მათ შეიწყალებს.
„დღეს, 12:00 საათზე ვიყავით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მივმართეთ შეწყალების თხოვნით, შევიტანეთ განცხადება. ვთხოვეთ პრეზიდენტს, გამოსცეს შეწყალების აქტი, განკარგულება, რითიც მოხდება ამ ახალგაზრდების გათავისუფლება. მოგეხსენებათ, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დააკავეს 16 მაისს, აქციების ფარგლებში, რა დროსაც მათ დააზიანეს ჯებირი, ბრალდების მხარე მათ ედავებოდა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას. აღნიშნულ საქმეში ჩართული იყვნენ სხვა ადვოკატები, რომლებმაც არაჯეროვნად აწარმოეს კონკრეტული საქმე. შესაბამისად, გამოვიდა ისე, რომ ამ ბავშვებს, რეალურად, 5-6 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. ჩვენი ჩართვის შემდეგ საბოლოოდ შედგა მოლაპარაკება ბრალდების მხარესთან. ორივე ბრალდებული აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის ჯგუფურ ნაწილში, ვინაიდან საქმეში არსებობდა ვიდეოჩანაწერები. შესაბამისად, აღიარების საფუძველზე, სახელმწიფომ გადმოდგა ნაბიჯი და ახალგაზრდები ბოლომდე არ გაწირეს, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მათ მიესაჯათ 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. ცხრა თვე უკვე მოხდილი აქვთ, თუმცა ჩვენ მოვლენებს არ დაველოდეთ, განაჩენი სახეზეა. მოსამართლემ ჩაგვაბარა განაჩენი. როგორც კი განაჩენი ჩავიბარეთ, გადავწყვიტეთ, შეწყალების თხოვნით მიგვემართა საქართველოს ახალი პრეზიდენტისთვის, მიხეილ ყაველაშვილისთვის, გამოსცეს განკარგულება, შეწყალების აქტი, რათა დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. იმედს ვიტოვებთ, პრეზიდენტი მათ შეიწყალებს“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.