ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ზომების გამოყენებაზე ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია
მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
როგორც შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის თითოეულ განცხადებასა და თითოეულ მოსაზრებას.
„არ მახსოვს არც ერთი შეუსრულებელი ულტიმატუმი ან დარღვეული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არც ერთი მისი დაპირება არ მახსოვს შეუსრულებელი, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღე ტყუილს იძახიან იუსტიციის სამინისტროს შენობიდან, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც სასახლეებში ჩაკეტილები ჭორაობენ მიხეილ სააკაშვილზე და გაურბიან მასზე ობიექტურ გამოძიებას, ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. რაც შეეხება სერიოზულობას, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის თითოეულ განცხადებას, თითოეულ მოსაზრებას, რადგან სამწუხაროდ, ეს არის ადამიანი, რომლის მმართველობის დროსაც საწვავის ფასი და დენის ფასი იყო სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ახლა არის და ინფლაცია იყო ექვსჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ახლა არის. სერიოზულად აღქმის პრობლემა თუ აქვს დღეს ვინმეს, მე მგონი, ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლება და არა მიხეილ სააკაშვილი, მისი ულიმატუმები და ყველა მისი პირობა, ამ ეტაპისთვის შესრულებულია“, – განაცხადა თუთბერიძემ.