ადვოკატი აცხადებს, რომ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გაოგნებულია, რატომ დააკავშირეს ამ ქმედებასთან
დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ ბრალდებული გაოგნებულია, რატომ დააკავშირეს ამ ქმედებასთან. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვს წარდგენილი.
„ღამის ორ-სამ საათზე გლდანში დააკავეს, როცა სახლში მიდიოდა. ეს იყო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავება. არასწორია ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, თითქოს ორი წელი იძებნებოდა. მსგავსი არაფერი ყოფილა, არავინ ეძებდა, არავის დაუბარებია პოლიციის განყოფილებაში, არავისთან ურთიერთობას თავს არ არიდება.
ამ ფაქტთან შემხებლობას უარყოფს. ამ ოჯახთან ნაცნობობაც არ ჰქონია. ველოდებით საქმის მასალებს. დაკავებული პირი გაოგნებულია, რატომ დააკავშირეს ამ ქმედებასთან. დღემდე ველოდებით მასალებს“, – აცხადებს ადვოკატი.
შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.